Loading...
Work 2017-10-29T22:03:48+00:00

გჭირდება დახმარება და ფიქრობ რომ ჩვენ დაგეხმარებით?

მოგვწერე

2010 წლიდან დღემდე კოალიციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება საქართველოში. აღნიშნულის მისაღწევად კოალიცია ერთი მხრივ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან სოციალური და ჯანდაცვის სისტემის  ერთ-ერთ პრიორიტეტად შინმოვლის აღიარების მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ, დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობს შინმოვლის სფეროში ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების დასანერგად.

2010-2016 წლებში კოალიციის ძალისხმევით შემუშავდა შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საფუძვლად უდევს თბილისის შინმოვლის პროგრამას და გათვალისწინებულია ბათუმის შინმოვლის სატენდერო პირობებში. კვლავაც გამოწვევად რჩება შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტის ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე დამტკიცება, რადგან არაა კონსენსუსი შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე. კოალიცია განაგრძობს მუშაობას, რათა აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი დაინერგოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კოალიციის ძალისხმევით შინმოვლის სერვისების დანერგვისა და განვითარების საკითხი ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ალტერნატიული სოციალური მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებშიც. თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტრომ მისცა რეკომენდაცია მუნიციპალიტეტებს გაითვალისწინონ შინმოვლის პროგრამები მუნიციპალურ ბიუჯეტებში და ხელი შეუწყონ შინმოვლის სერვისების განვითარებას ადგილებზე. შინმოვლის კომპონენტი ასევე გათვალისწინებეულია დაბერების ეროვნულ კონცეფციასა და სამთავრობო სამოქმედო გეგმაში 2016-2019 წლებისთვის.

შინმოვლის სფეროში ხარისხისა და კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით კოალიციამ ხელი შეუწყო პროფესიული განათლების ახალი სისტემის ფარგლებში ექთნებისა და ექთნის თანაშემწეთა მოდულურ პროგრამებში შინმოვლის მოდულის შეტანას, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა პროფესიული სასწავლებლისთვის 2017 წლიდან.

ამ ეტაპზე კოალიციას შემუშავებული აქვს ხარისხის უზრუნველყოფის კომპლექსური სისტემა, რომელიც მოიცავს მომსახურების სტანდარტებსა და ეთიკის კოდექსს, სერვისების პაკეტებსა და პროცედურებს, დოკუმენტაციის ფორმებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, ფასწარმოქმნის სისტემას და ა.შ.

2015-2016 წლებში კოალიციამ ჩაატარა შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების სამოქალაქო მონიტორინგი თბილისის, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მაგალითზე. მონიტორინგი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერით შინმოვლის პროგრამების ეფექტურობის შეფასებას. შემუშავდა რეკომენდაციები რომლებიც მიმართულია იმისკენ, რათა მუნიციპალური რესურსები უფრო ეფექტურად მოხმარდეს ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს.

მონიტორინგის ირიბი, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება შინმოვლის შესახებ, რაც განპირობებულია საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართვის პროექტში, ასევე აქტიურობით მედიაში.

პარტნიორები

მოგვწერე